ღარიბაშვილს „ნაცების“ დაორგანიზებულმა პიარმა შეუტია, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ -  დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკ კამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება, ცოტა მეტი წაიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციაზე წერს.

„ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია „ნაცების“ დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ, სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით!

ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკ კამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება, ცოტა მეტი წაიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე“, - წერს მათიკაშვილი.