გარდა იმისა, რომ ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, უნდა იმუშაოს იმ წინადადებებზეც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა - ლევან იოსელიანი

იოსელიანი

„მოქალაქეების“ დეპუტატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ასევე უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად.

„თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ისინი როგორი კანონმდებლობის მიღებას აპირებენ, არ ვიცით, როგორია 12 პუნქტთან მიმართებით ხედვები, ჩვენ უბრალოდ, გავიგეთ ვადები და ის, რომ გარკვეული კანონპროექტები იქნება მომზადებული. ამას სჭირდება ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.