ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
1764846377
საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ „ოცნების“ რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, „ოცნებაში“ კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ – ამის შესახებ ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო გუნდის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართონ.
„ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა? ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით. იმ პირობებში, როცა „ოცნების“ სასამართლოს და საგამოძიებო სისტემას საზოგადოების ნდობა, პრაქტიკულად, აღარ აქვს და მართლმსაჯულება პოლიტიკურად არის მოტივირებული, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა, მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ „ოცნების“ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური. ფაქტია, აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მათ მიმართ ძალადობაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე „ოცნებას“ არ დაუწყია გამოძიება, არც უკანონო ბრძანების გამცემი და არც შემსრულებლები არ დაუსჯია. ამიტომ, არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი ბოლომდე და ობიექტურად იქნება გამოძიებული. მით უფრო, როცა სახეზე გვაქვს „ოცნების“ ქაოსური, ისტერიკული და პანიკური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და იძულებითი აღიარება იმ ფაქტისა, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ მომწამლავ ნივთიერებას. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მივმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.
უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ის არც პარტიულ ინტერესებზე დგას და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მძევალი შეიძლება გახდეს. საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ფრაქცია „საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“, – ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო გუნდის განცხადებაში.