გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს - ეს მეტ გამოწვევას ქმნის დედაქალაქის მოსახლეობისთვის - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება. ბუნებრივია, ეს მეტ გამოწვევას ქმნის დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრიდონ ინჯიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ზარქუას თქმით, გამოწვევა ნამდვილად არის და ამასთან დაკავშირებით მერია აქტიურად მუშაობს.

„ბატონო ფრიდონ, მესმის თქვენი შეშფოთება. ეს გამოწვევაა დედაქალაქისთვის, სწორედ ამასთან დაკავშირებით ბატონ მერს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ამბობს, რომ დიახ, ეს გამოწვევაა, ბევრი მანქანა გამოწვევაა ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ბევრი არის, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომაც, არის ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით ჯგუფი შექმნილი. გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტ გამოწვევას და პრობლემას ქმნის ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება დაგეგმარებას, აქ არ არის მხოლოდ კახი კალაძის, ურბანული სამსახურის ან სატრანსპორტოს საკითხი, აქ არის ჩართული ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია. მათი რეკომენდაციით, მათი ჩართულობით ხდება ამ სატრანსპორტო ნაკადების მართვა. გამოწვევა ნამდვილად არის და ამასთან დაკავშირებით ბატონი მერიც და მთელი მერია მუშაობს“, – განაცხადა ზარქუამ.

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.