1770841551
ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან - მიხეილ ყაველაშვილი
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ამ სიმართლის თქმას ითხოვს საქართველო ევროპელი ბიუროკრატებისგანაც.
„ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ევროპულ ბიუროკრატიას არ მივცემ ჩემი სახელით საუბრის უფლებას, საქართველოს არ აქვს ურთიერთობები მოსკოვთან და აბრალებენ პრორუსულობას, ამას ვერ ვიგებ“.
ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.












