1772193240
ეს არის თავხედობა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის - ლევან მაჭავარიანი
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალურ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
"ეს არის თავხედობა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, საქართველოში მათი ელჩი ჩვენ მოგვიწოდებს სანქციების დაწესებისკენ და როდესაც ის ვალდებულია, რომ მინიმუმ სასანქციო პოლიტიკა არ დაარღვიოს და ამ ქვეყანაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა არ აუარონ გვერდი სანქციებს, თუმცა, ჩვენ საწინააღმდეგოს ვხედავთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ ეს ქვეყნები და, კონკრეტულად, ევროკავშირი", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. კვლევით დადგინდა, რომ დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარი ივაჭრეს. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის: ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც.












