1772193240
ირაკლი კობახიძე: ბრიტანული ბიუროკრატიის ხელით აირია ურთიერთობები ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის, ეს ბიუროკრატია პასუხისმგებელია ყველა მიმართულებით შექმნილ ტრაგიკულ მდგომარეობაზე
ბრიტანული ბიუროკრატია იმართება გარედან და მას სუვერენიტეტი დაკარგული აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოზე თავდასხმის ერთ-ერთ მთავარი ინსტრუმენტად იყენებენ ბრიტანულ ბიუროკრატიას ისე, რომ მთლიანად ანგრევენ დიდი ბრიტანეთის, როგორც ქვეყნის რეპუტაციას.
„მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიაში მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული. ამაზე მეტყველებს არაერთი ფაქტი. უნდა შეგახსენოთ, როდესაც საუბარი იყო უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებაზე, შეთანხმება, უშუალოდ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებით, ჩაშალა სწორედ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ. ამის შემდეგ გაგრძელდა ომი, რომელსაც მოჰყვა ათიათასობით უკრაინელის დაღუპვა, ბავშვების, დიდების, და ეს მოხდა ბრიტანული ბიუროკრატიის ხელით. ბრიტანული ბიუროკრატიის ხელით აირია ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. აქ ვხედავთ, რომ საქართველოზე თავდასხმის ერთ-ერთ მთავარი ინსტრუმენტად იყენებენ ბრიტანულ ბიუროკრატიას ისე, რომ მთლიანად ანგრევენ ამ ბიუროკრატიის და, შესაბამისად, ქვეყნის რეპუტაციას.
როდესაც ადამიანის უფლებების კუთხით ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა ასე უხეშად იჭრება სხვა სახელმწიფოში და ცდილობს, დაარღვიოს მედიის თავისუფლება, ეს მიმართულია ამ ქვეყნის რეპუტაციის დანგრევისკენ. ამას სწორედ ბრიტანული ბიუროკრატიის ხელით აკეთებენ. ბრიტანული ბიუროკრატია პასუხისმგებელია ყველა მიმართულებით იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი. ბრიტანული ბიუროკრატია იმართება გარედან და მას სუვერენიტეტი დაკარგული აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გამოცემა The Spectator-მა გაავრცელა სტატია, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულ ურთიერთობას ანგრევს.












