1766924883
დონალდ ტრამპი: რუსეთს სურს უკრაინის წარმატება
ტრამპი-ზელენსკის 3-საათიანი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო ელოდა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეუთანხმებელია მთავარი - ტერიტორიების დათმობის საკითხი, 20-პუნქტიანი დოკუმენტიდან 90 პროცენტი კი - მხარეებისთვის მისაღები.
ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გამართეს ვიდეოკონფერენცია ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრამდე კი, ცნობილია, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დაეხმარება.
"რუსეთი მათ [უკრაინას] დაეხმარება [აღდგენაში]. რუსეთს სურს უკრაინის წარმატება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა პრეზიდენტი პუტინი ძალიან გულუხვი იყო საკუთარ გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ, მათ შორის ელექტროენერგიის და სხვა რამის მიწოდების კუთხით, ძალიან დაბალ ფასებში. მიწის გარკვეული ნაწილი უკვე აღებულია, ნაწილი კი შეიძლება საკამათო იყოს. შესაძლოა, ისიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აიღონ. უმჯობესია, ახლავე დადონ გარიგება. რუსეთს სურს ამის დასრულება და უკრაინასაც სურს", - აცხადებს ტრამპი.












