ნანა კაკაბაძე: გასაგებია, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ხელისუფლება კი არა, ბაზარი აწესებს ფასებს, მაგრამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას ის მიზეზები, რაც იწვევს ფასების კოლოსალურ ზრდას

ნანა კაკაბაძე

 გასაგებია, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ხელისუფლება კი არა, ბაზარი აწესებს ფასებს, მაგრამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას ის მიზეზები, რაც იწვევს ფასების კოლოსალურ ზრდას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„ვინ და რატომ არის უკმაყოფილო ფასების შესაძლო დაწევის გეგმაზე
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება რადიკალური ოპოების და მათი მედიების მორიგი თავდასხმის მიზეზი გახდა.

გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იტყვის, როგორ შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს ვინმეს კრიტიკა იმაზე, რატომ აპირებს პრემიერი მაღალი ფასების დაწევაზე ზრუნვასო, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ თუ ადამიანები ზომბირებულები არიან, ეს იწვევს არაადეკვატურ რეაქციებს არა მხოლოდ იმ მოვლენების მიმართ, რომლის მიმართულებითაც ხდება ამ ადამიანების ზომბირება, არამედ ასეთი ადამიანები ზოგადად ხდებიან არაადეკვატურები ყველა მოვლენის მიმართ.

ფსიქიატრიაში და ფსიქოლოგიაში წარმოებული ადამიანის ფსიქიკის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევებიც იმას ამტკიცებს, რომ როდესაც ზომბირებული ადამიანების თავებში ხდება პიროვნების ან პირთა ჯგუფის დემონიზაცია და დეჰუმანიზაცია, მათ მიერ ნებისმიერი კეთილი საქმე ბოროტებად აღიქმება.

დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი ასეთ ზომბირებულ ადამიანებზე ამბობდა, მათ თვალწინ წყალზე რომ გაიარო, კი არ გაიოცებენ, იტყვიან, ცურვა არ იცის და წყალზე იმიტომ გაიარაო.

სწორედ ასეთი ადამიანების სრულიად არაადეკვატური რეაქციებით არის გავსებული ინტერნეტ სივრცე ბოლო 3-4 დღის განმავლობაში. იმასაც ყვირიან, ხალხო, გატყუებენ, თორემ აბა, რატომ არ დაიკლო ფასებმა პრემიერის განცხადების შემდეგ გასულ დროშიო.
3 დღის წინ გაკეთებული განცხადების შედეგი როგორ შეიძლება 3 დღის თავზე და მითუმეტეს იმავე დღეს მოინდომო? ან იმის ძახილი იქ დასაქმებულ ხალხს მონური შრომა აქვს და რატომ იმაზე არ იღებს ხმას, რატომ ამაზეო და ა. შ.

გასაგებია, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ხელისუფლება კი არა, ბაზარი აწესებს ფასებს, მაგრამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას ის მიზეზები, რაც იწვევს ფასების კოლოსალურ ზრდას.

ერთ-ერთი ასეთი მიზეზი კი შეიძლება იყო მოგების ზღვრული მარჟის დაწესება, ფასნამატის ხელოვნურად გაზრდის პირობების აღმოფხვრა, ანტიმონოპოლური საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ა. შ.

პრემიერს არც უთქვამს, რამდენიმე დღეში, თვეში თუ წელში დავარეგულირებთ ფასებსო (ვადები საერთოდ არ უხსენებია), მხოლოდ ის განაცხადა, “მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას”-ო.

ისიც კარგად ესმის მას, რომ “არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და შეიძლება, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება, თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი“-ო.

წერა-კითხვის მცოდნე ნებისმიერი ობიექტური ადამიანი პოზიტიურად (მინიმუმ ინტერესით) შეხვდებოდა ასეთ განცხადებას და იტყოდა, რომ საინტერესოა, რას მიაღწევს ხელისუფლება ამ რთულ საკითხთან ჭიდილში, მაგრამ ზომბირებული ხალხისთვის მომაკვდინებელი დარტყმა იქნება, თუ ფასების დაწევის საკითხში ხელისუფლება კონკრეტულ შედეგებს დადებს.

თუ ამ ინიციატივას წარმატება მოყვა, გულები გაუსკდებათ, მაგრამ იხტიბარს არ გაიტეხავენ და ალბათ იტყვიან, ამდენი წელი თვითონ იჯიბავდნენ ფასნამატს, ახლა უკვე იმდენი ფული დააგროვეს, რომ მეტი აღარ სჭირდებათ და ფასებიც დააკლესო. მათთვის ხომ მუდამ ის არის უკეთესი, რაც ხალხისთვის და ქვეყნისთვის უარესია“, - წერს კაკაბაძე.