ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

კატარის ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში, "ევრონიუსის" შეკითხვებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკა რეალურად არ შეცვლილა.

"მოგეხსენებათ, ჩვენი გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა ინსტიტუცია, ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, ყველა სამინისტრო და სააგენტო. ჩვენი სამინისტრო, რა თქმა უნდა, კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის დღის წესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა. ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და მისთ. ეს არის პრიორიტეტული დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული DCFTA-ის განხორციელებასა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის სრულფასოვანი წევრობა. გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.",- განაცხადა დავითაშვილმა.