ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა მრავალი ქვეყნისთვის საერთო გამოწვევაა, თუმცა საქართველოს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს გარკვეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან მწვავე დამოკიდებულება მოჰყვა.

"უცხოური ჩარევები და უცხოური გავლენები ზოგადად პრობლემა რომ არის ბევრი ქვეყნისთვის ახალი არ არის, თუმცა, თუ რამდენად ხდება ამის აღიარება ეს უკვე მეორე საკითხია. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით სწორედ უცხოური გავლენების წინააღმდეგ.

"ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ დღესაც ვხედავთ, რომ გარკვეული აქტორების მხრიდან გრძელდება, მაშინ როდესაც ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ მიმართულია სწორედ იქით საითკენაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს" - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეუძლია სხვა ქვეყნებისთვის.

"ეს არის ის რაზედაც საქართველოს აქვს უკვე ნამდვილად დიდი გამოცდილება, რაც შეუძლია საქართველოს გაუზიაროს სხვა ქვეყნებსაც და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები". - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.