ბოჭორიშვილი: დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივების გავრცელება საზოგადოების დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენის იარაღად იქცა - სიმართლე მდგრადობის ქვაკუთხედია

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე გამოსვლისას დეზინფორმაციაზე, როგორც გავლენის იარაღზე, გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე გლობალურ ხასიათს ატარებს.

„დეზინფორმაცია, ფაქტებით მანიპულირება და ცრუ ნარატივების განზრახ გავრცელება საზოგადოების დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენის მძლავრ იარაღად იქცა.

ეს საფრთხეები გლობალურ ხასიათს ატარებს: ისინი საზღვრებს ისევე მარტივად კვეთს, როგორც ინტერნეტით გადაცემული მონაცემები და გავლენას ახდენს ყველა სახელმწიფოზე - მისი ზომისა და განვითარების დონის მიუხედავად.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც გარე ზეწოლას განიცდიან და გადაუჭრელი კონფლიქტების წინაშე დგანან , სიმართლის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

სიმართლე მდგრადობის ქვაკუთხედია.

ის მოქალაქეებისთვის შესაძლებელს ხდის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ კანონიერად და ქმნის იმ საერთო რეალობას, რომელსაც შეიძლება უსაფრთხოება, დემოკრატია და განვითარება დაეფუძნოს.

თანამედროვე საფრთხეებთან საბრძოლველად, სიმართლის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საზღვრების დაცვა ან ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, რომ საერთო რისკების სამყაროში, ნამდვილი უსაფრთხოება ეფუძნება პასუხისმგებლობას, დიალოგს და მშვიდობის, სტაბილურობისა და ყველა სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.