პროკურატურა კადრებს აქვეყნებს, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ფიგურირებენ
1770722243
რეფორმის მთავარი მიზანია, შეიცვალოს ის მოცემულობა, რომელიც გამოწვევის სახით დგას მთლიანად განათლების სისტემაში. იგულისხმება როგორც უმაღლესი განათლება, ასევე სასკოლო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულია ის პრიორიტეტები, რაც სტუდენტს ცოდნას მოუტანს.
„განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომლებიც მიგვიყვანს მოცემულობამდე, რომ კონკრეტული დიპლომის უკან იქნება ცოდნა, რაც სტუდენტების მხრიდან ისევ ქვეყანას მოხმარდება. ჩვენ გვაქვს საჭიროებები, მაგრამ არ გვყავს შესაბამისი ექსპერტები“, – განაცხადა გორდულაძემ.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება, გორდულაძემ საკითხის შეფასებისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი განსხვავებულ აზრს უსმენს.
„გადაწყვეტილება მაგალითია იმის, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი და განსაკუთრებით, მთავრობის მეთაური განსხვავებულ აზრს უსმენს. მიღებულია ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუდენტებისთვის სწავლა იქნება უფასო. შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ისეთ გარემოში, რომელიც პირდაპირ იქნება მორგებული მათ საჭიროებებზე. მათ შორის გამოყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილი. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომელიც საუკეთესო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. სამწუხაროდ, სპეციალისტების დიდი დანაკლისია, რისთვისაც გვჭირდება, სხვადასხვა სპეციალისტი უცხოეთიდანაც ჩამოვიყვანოთ. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა ისეთი მიმართულებებზე გასცეს ცოდნა, როგორიცაა სამშენებლო ფაკულტეტი, ბიოლოგია, გეოლოგია და ასე შემდეგ. საქართველოს სჭირდება სწრაფი სვლა, აღმასვლა, ინფრასტრუქტურული პროექტები და არა მხოლოდ. შესაბამისად, ჩვენ სპეციალისტები გვჭირდება. სპეციალისტების ჩამოყალიბება უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 თებერვალს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტები, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები კი მილევად რეჟიმში იქნება.