არავის მივცემ უფლებას, პარალიმპიელთა სახელი პოლიტიკური ინტერესების, ინტრიგებისთვის გამოიყენოს, სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომებია - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

არავის მივცემ უფლებას, პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

როგორც იონათამიშვილი წერს, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები აქვს.

„სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება. კერძოდ, თანაბარი სტიპენდიების პროგრამა, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების სამართლებრივი სტატუსი, სპორტსმენებისა და პარაათლეტების, ასევე, მწვრთნელბისა და ექიმების დაფასება/წახალისების პროგრამები და, რაც მნიშვნელოვანია – თანაბარი პრემიების დაწესება ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულთა და პრიზიორებისთვის. ასევე, სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა. ეს დისკრიმინაციად თუ მიაჩნდა და მისი მხრიდან ახლა ხელოვნურ მომიზეზებას არ აქვს ადგილი, მაშინ რატომ დუმდა 23 ივლისს? რატომ არაფერი თქვა? საზოგადოებამ ასევე იხილა პარალიმპიელთა გაცილების ღონისძიება 31 ივლისს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართა და პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. მისი „ლოგიკით“, დისკრიმინაციაა ისიც, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონია პარიზში ცალ-ცალკე იმართება, რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული და სასაცილოა.

დაბოლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა პარალიმპიადის გახსნამდე დღეებია დარჩენილი და ჩვენი პარაათლეტები საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პარიზი2024-სთვის აქტიურიად ემზადებიან, საწვრთნელ შეკრებებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთსა და იტალიაში გადიან, მათი ხსენება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უკიდურესად მიუღებელი და უპასუხიამგებლოა“, – წერს რატი იონათამიშვილი.