ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი

ბი

ნოროვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, რომელიც კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას იწვევს. ის განსაკუთრებით მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და ინფიცირება შესაძლებელია როგორც დაბინძურებული საკვებისა და წყლის, ისე დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შედეგად.

ნოროვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებია უეცარი ღებინება, დიარეა, გულისრევა და მუცლის ტკივილი. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს სიცხე, თავის ან სხეულის ტკივილიც. სიმპტომები, როგორც წესი, ინფიცირებიდან 12–48 საათში იწყება და ადამიანების უმეტესობა 1–3 დღეში გამოჯანმრთელდება.

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, რადგან ხშირი ღებინებისა და დიარეის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებსა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

როგორ დავიცვათ თავი ნოროვირუსისგან?

სპეციალისტების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირად და საფუძვლიანად დაბანა საპნითა და წყლით, განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენებისა და ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ, ასევე ჭამისა და საკვების მომზადების წინ. მხოლოდ ხელის სადეზინფექციო საშუალებაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის  ნოროვირუსის წინააღმდეგ საპნითა და წყლით ხელების დაბანა უფრო ეფექტურია.

ასევე მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა, ზღვის პროდუქტების, განსაკუთრებით ნიჟარების, სათანადოდ მომზადება და დაბინძურებული ზედაპირების საფუძვლიანად გაწმენდა და დეზინფექცია.

თუ ადამიანს ნოროვირუსის სიმპტომები აქვს, CDC რეკომენდაციას იძლევა, რომ სიმპტომების შეწყვეტიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში არ მოამზადოს საკვები სხვებისთვის და შეძლებისდაგვარად მოერიდოს სხვებთან ახლო კონტაქტს.