VIDEO: ემოციური კადრები - ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროების რეაქცია, როდესაც სამშობლოს მიწაზე დადგეს ფეხი

21 სექტემბერს, საღამოს მოხდა ტყვეთა გაცვლა, რის შედეგადაც რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.

ასევე გათავისუფლებულთა შორის არიან სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა).

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტყვეობიდან თავისუფალია 10 უცხოელიც, რომლებიც უკრაინულ მხარეს იბრძოდნენ.

გათავისუფლებულებს შორის არიან აშშ-ის, მაროკოს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთში. BBC-ის ინფორმაციით, ტყვეებს შორის დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა. მათ შორის რამდენიმეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. ევაკუაციისას მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი მოგვიანებით გათავისუფლდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან სულ 215 სამხედრო გაათავისუფლეს, მათ შორის, 124 ოფიცერი. ასევე გაათავისუფლეს უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი. 5 ყველაზე ცნობილი მეთაურისთვის უკრაინამ 55 რუსი პატიმარი გადასცა.