უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა

უკრაინის დროშა

 უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა.

აგრესიამ ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა, ქვეყნის ნაწილი კი მიწასთან გაასწორა.

2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით გამთენიის 05:00 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრნენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და მიზნად უკრაინის ე.წ. "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 15 172 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 41 378 - დაიჭრა. დაღუპულებს შორის 766 ბავშვია.

ომის შედეგების აღმოსაფხვრელად და ქვეყნის აღსადგენად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანას 587 მილიარდი დოლარი დასჭირდება. აღნიშნული მონაცემი, უკრაინის მთავრობამ, მსოფლიო ბანკმა, ევროკომისიამ და გაერომ ერთობლივად წარადგინეს.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისთვის, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმება, შესაბამისად ბლოკის ლიდერები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა - კიევში ვიზიტისას სანქციების გამკაცრების შესახებ ვერ ისაუბრებენ.

დღეს, კიევსა და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილია ომის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.