პოლონეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს

 მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თანხმობას აქვს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. ჩვენ ან სწრაფად მივიღებთ ამ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, –  განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან.

როგორც „როიტერი“ წერს, მანამდე პოლონეთი აცხადებდა, რომ უკრაინას ტანკებს კოალიციის ფარგლებში გადასცემდა. ვარშავა და ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებენ გერმანიას, მისცეს ნებართვა უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების მისაწოდებლად.