ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ ბუდაპეშტში პუტინთან შესახვედრად

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა უნგრეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას დაესწროს. ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე და კერძოდ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა, რუსეთის პრეზიდენტი ტერორისტად მოიხსენია და მისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობა გამორიცხა.

„თუ ნამდვილად გვინდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ამ ტრაგედიის ორივე მხარე გვჭირდება. როგორ შეიძლება ჩვენ გარეშე რაიმე შეთანხმება დაიდოს? მზად ვარ ბუდაპეშტში პუტინთან შესახვედრად. თუ გვსურს ამ ომის შეჩერება და სასწრაფოდ დიპლომატიურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა, უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ და პუტინს ზედმეტი არაფერი მივცეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.