ექსკლუზივი: "მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები" - "პრაიმ ტაიმმა" გახარიას მიმართვა მოიპოვა

გიორგი გახარია

"პრაიმ ტაიმმა" მოიპოვა გახარიას მიმართვა თანაპარტიელებისადმი, რომელიც მან პარტიულ ჩატში გააგზავნა.

"დილა მშვიდობის მეგობრებო, გუშინ საღამოს გაიმართა ჩვენი პარტიის პოლისტაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ისე საკრებულოს მანდატების გამოყენების საკითხი. ფაქტია, რომ პარლამენტის ბოიკოტმა, ოცნება ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ, აქამდე გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი გზა ოცნების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტსაბჭოსთან მსჯელობის შედეგად შევჯერდით, რომ პარტიამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები," -  ნათქვამია გახარიას მიერ გაგზავნილ მესიჯში.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს – თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს.

„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

ხოლო,  2 სექტემბერს პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.