უკრაინული მედია: ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, იანვრის დასაწყისში თანამდებობის დატოვებას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც მედია იუწყება, ზალუჟნიმ თანამდებობიდან გადადგომის სურვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე კვირის წინ, კიევში ვიზიტისას განუცხადა. წყაროების ცნობით, ზალუჟნიმ და ზელენსკიმ მისი სხვადასხვა თანამდებობაზე გადაყვანა განიხილეს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დაწყებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობით დამთავრებული, თუმცა ზალუჟნიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესი არ გამოხატა. სხვა წყაროები კი აღნიშნავენ, რომ ზალუჟნიმ განიხილა აშშ-ში ელჩის ან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამჟამად აშშ-ში ელჩის შეცვლის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.

„ზალუჟნის, სავარაუდოდ, კიევში დაბრუნება სურს. მის გადაწყვეტილებაზე სხვა თუ არაფერი იმოქმედებს, ამის შესახებ მან შესაძლოა 4-5 იანვარს გამოაცხადოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

შეგახსენებთ, ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან 2024 წლის 8 თებერვალს გაათავისუფლეს, ხოლო სამი თვის შემდეგ, 9 მაისს, ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა.