სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უშუალოდ ეხება ევროპას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
მაკრონის განმარტებით, ისინი, ვისაც უკრაინისთვის დახმარების რესურსების შეზღუდვა სურს, სინამდვილეში ცდილობენ, მას უსამართლო მშვიდობაზე დათანხმება აიძულონ, ხანგრძლივად დაასუსტონ და ამით ევროპაც დააუძლურონ, რაც კიდევ ერთი ომისკენ მიმავალი გზაა.
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
ის, რაც უკრაინაში ხდება, უშუალოდ ჩვენც გვეხება. საქმე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას ეხება. უკრაინის დახმარება თავდაცვის სფეროში, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვასაც ნიშნავს.
თუ რუსეთი ძალადობით მოახვევს საკუთარ ნებას ევროპულ ქვეყანას, საფრთხე მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეექმნება.
სწორედ ამიტომ, უკრაინა კვლავ ჩვენი დისკუსიების მთავარი თემა იყო ხუთშაბათსა და პარასკევს, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტისა და ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში.
ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთიანობა გამოვხატეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომელთა შესახებაც მსურს, აქ მოგიყვეთ.
პირველი პრიორიტეტი უკრაინისთვის ზამთრის გადატანაში დახმარებაა. უკრაინელები კვლავაც აგრძელებენ წინააღმდეგობას და იჩენენ ისეთ სიმამაცეს, რომელიც აღფრთოვანებას იმსახურებს.
ამერიკელ წარმომადგენლებთან გამართული ბოლო მოლაპარაკებებიც ცხადყოფს: ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკება არ სურს. მისი არმია წინ ვერ მიიწევს. პირიქით, უკან იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.
თუმცა აშკარაა, რომ პუტინი ფსონს უკრაინის გატეხაზე დებს - მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმების გახშირებით და ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დატოვების მცდელობით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გეგმა ჩავუშალოთ.
ეს ნიშნავს, რომ უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და დავეხმაროთ მას საკუთარი მოსახლეობის, ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის ქსელების დაცვაში.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ისინი, ვისაც უკრაინისთვის დახმარების რესურსების შეზღუდვა სურს, სინამდვილეში ცდილობენ, მას უსამართლო მშვიდობაზე დათანხმება აიძულონ, ხანგრძლივად დაასუსტონ და ამით ევროპაც დააუძლურონ.
ეს დამარცხების განწყობაა. ეს პირდაპირი გზაა ახალ ომამდე. საფრანგეთის პოზიცია ასეთი ვერ იქნება.
ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ევროპამ ამ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან ამ მშვიდობაზე ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული.
გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ერთიანობა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე კი, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. საფრანგეთის ინიციატივით, 42-მა ქვეყანამ დაამტკიცა დეკლარაცია იმ პრინციპების შესახებ, რომლებმაც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება "მოხალისეთა კოალიციის" საქმიანობაც, რომელიც 2025 წლის დასაწყისში შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მოსამზადებლად. წლის დასაწყისში, პარიზში მიღებულმა დეკლარაციამ ამ პროცესს საფუძველი ჩაუყარა. ის ითვალისწინებს უკრაინის არმიის მხარდაჭერას და მრავალეროვნული ძალების მომზადებას, რომელთა უკრაინაში განთავსებაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ამჟამად, პოლონეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომლის მიზანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ამ სამუშაოს გასაგრძელებლად ხუთშაბათს ბერლინში შევიკრიბებით.
ახლა საჭიროა, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსეთთანაც, როგორი მომავალი გვინდა ომის დასრულების შემდეგ. ასევე უნდა დავაზუსტოთ, რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ყოველ შემთხვევაში, მინდა აქ გამოვხატო ჩემი მტკიცე რწმენა, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე ძლიერი რეგულარული არმია ჰყავს, ნატოსთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ამ ალიანსის სრულუფლებიანი წევრობაც ეკუთვნის.
ჩვენი მიზანი ნათელია: მივაღწიოთ უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობას, შემდეგ კი ყველასთან ერთად გავაგრძელოთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება. სწორედ ასე შევძლებთ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინელების, ფრანგებისა და ყველა ევროპელის დაცვას", - წერს ემანუელ მაკრონი.