თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ შავ ზღვაში საფრთხეების საწინააღმდეგო ზომებს მიმართავენ

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში სადაზვერვო და მონიტორინგის ოპერაცია ჩატარდა.

„რეგიონული პასუხისმგებლობის პრინციპის ჩარჩოში მივმართავთ ზომებს იმ საზღვაო საფრთხეების საწინააღმდეგო, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, ეს ზომები მიმართულია თურქეთის საზღვაო ზონების, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა და წყლის ზედაპირზე განთავსებული ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. „ეს მოიცავს დაზვერვასა და მონიტორინგს, თურქეთის საზღვაო და საჰაერო ძალების გამოყენებით, და ასევე შავ ზღვაში განაღმვაზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში ქმედებების გაგრძელებას“, – აცხადებენ თურქეთის სამხედრო უწყებაში.