ტრამპმა და რუბიომ deep state-თან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს - მედია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ deep state-თან ბრძოლის საბაბით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ძალიან ბიუროკრატიული ორგანოა, რომლის ბევრი ჩინოვნიკი მოქმედი პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს.

ტრამპის ადმინისტრაცია საბჭოში დასაქმებული პერსონალის განახევრებას გეგმავს. დღესდღეობით საბჭოში 350 ადამიანი მუშაობს. შემცირების შემდეგ მათ მთავრობაში სხვა თანამდებობებზე გადაიყვანენ.

თავის მხრივ, ამერიკული ტელეარხი CNN-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა უკვე გაუშვა ადმინისტრაციულ შვებულებაში საბჭოს ასზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის საკადრო ჩინოვნიკები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ტრამპის დროს დაიქირავეს. ელექტრონულ წერილში მათ უთხრეს, რომ აქვთ 30 წუთი, რათა სამუშაო ადგილებიდან გაიტანონ პირადი ნივთები.