ტრამპი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოინდომებს „თამაშს“ უზენაესი სასამართლოს აბსურდულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გაცილებით მაღალ ტარიფებსა და უფრო უარეს პირობებს მიიღებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „თამაშობენ“ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს განცხადება მოჰყვა სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის ვერდიქტს, რომელმაც პრეზიდენტის მიერ დაწესებული საყოველთაო ტარიფები უკანონოდ ცნო.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოინდომებს „თამაშს“ უზენაესი სასამართლოს ამ აბსურდულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში „ძარცვავდნენ“ აშშ-ს, გაცილებით მაღალ ტარიფებსა და უფრო უარეს პირობებს მიიღებენ. მყიდველი გაფრთხილებულია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონი (IEEPA) გამოიყენა გლობალური ტარიფების დასაწესებლად.

სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ტრამპმა მყისიერად აამოქმედა 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლი და ტარიფები 10%-დან 15%-მდე გაზარდა.