The Caspian Post: როგორ შეიძლება ანკარის ნატოს სამიტმა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა შეცვალოს

The Caspian Post

ნატოს ანკარის სამიტმა, შესაძლოა, ალიანსის სტრატეგიულ ხედვაში სამხრეთ კავკასიის როლის ზრდას შეუწყოს ხელი. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით გამოცემა The Caspian Post-ი აქვეყნებს.

სტატიის ავტორის თქმით, რეგიონი, რომელიც ადრე ევროპის უსაფრთხოების პერიფერიად განიხილებოდა, უკრაინის ომის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობის ზრდის ფონზე, სულ უფრო მეტ სტრატეგიულ ყურადღებას იპყრობს.

ნატოს სამიტის ოფიციალური დღის წესრიგი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა - თავდაცვითი ხარჯების გაზრდას, სამხედრო-სამრეწველო წარმოების გაფართოებას და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. თუმცა, ამ საკითხების მიღმა, ალიანსი უფრო ფართო ცვლილებებისთვის ემზადება - ევროპული უსაფრთხოების ხედვა ახლა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპის კონტინენტით და მასში შავი ზღვა, თურქეთი, სამხრეთ კავკასია და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტებიც შედის, აღნიშნულია სტატიაში.

სამიტის მასპინძლად თურქეთის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. თურქეთი ნატოსთვის მხოლოდ სამხრეთ ფლანგი აღარ არის. ქვეყანა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში. მისი გეოგრაფიული მდებარეობა თურქეთს აკავშირებს ევროპასთან, შავ ზღვასთან, კავკასიის ზღვასთან, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა გაიზარდა. რეგიონზე გადის ენერგეტიკული მარშრუტები, სატრანსპორტო დერეფნები და ლოგისტიკური ქსელები, რომლებიც ევროპას კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. შესაბამისად, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ როგორც რეგიონული, ისე ევროატლანტიკური ძალების მხრიდან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ანკარის სამიტის პარალელურად, თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა დაიწყეს თანამშრომლობის გაფართოება შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდის მიმართულებით. ინიციატივა თავდაპირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, თუმცა ახლა მისი მიზნები გაფართოვდა და მოიცავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის - ენერგეტიკული ობიექტების, სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და წყალქვეშა მილსადენების - დაცვას.

თუ შავი ზღვა ნატოსთვის უფრო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სივრცე გახდება, სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული როლიც გაიზრდება. საქართველოს პორტები, აზერბაიჯანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, შუა დერეფანი და ევროპისთვის ენერგომომარაგების მარშრუტები უკვე ერთიანი სტრატეგიული სისტემის ნაწილად განიხილება, წერს ავტორი.

სტატიის ავტორის შეფასებით, ანკარის სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის. ბაქო თურქეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, ამასთან, ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი მონაკვეთი - მარშრუტი, რომლის მნიშვნელობაც გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის გავლით ტრადიციული სატრანზიტო გზები შეფერხდა.

თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო სამხრეთ კავკასიაში პირდაპირი სამხედრო გაფართოებისთვის ემზადება. მთავარი ცვლილება ალიანსის სტრატეგიულ ხედვაშია - ნატო სულ უფრო მეტად ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ფრონტს, არამედ იმ ინფრასტრუქტურასაც, რომელიც რეგიონულ მდგრადობას უზრუნველყოფს.

თურქეთის გაძლიერებულ როლს ნატოში სამხრეთ კავკასიისთვის ორმაგი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, იზრდება რეგიონის მნიშვნელობა ალიანსის თვალში, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო მყარდება აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის როლი.