ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300
ახალი ბიონიკური მუხლი სხეულის ამ ნაწილის ამპუტაციის შემდეგ იმაზე მარტივად გადაადგილების საშუალებას იძლევა, ვიდრე ტრადიციული პროთეზები. ის ადამიანის ბარძაყის ძვალს ტიტანის ღერძითა და ფეხის კუნთებში იმპლანტირებული ელექტროდებით უერთდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული. შესაბამისად, ის არა ცალკეულ და უსიცოცხლო მოწყობილობად, არამედ ადამიანის ფიზიონომიის ნაწილად აღიქმება. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორ ჰიუ ჰერს თავადაც ორივე ფეხი აქვს მოკვეთილი, ანუ მსგავსი პაციენტების საჭიროებები მისთვის ცნობილია.
ჩვეულებრივი პროთეზი ფეხს სპეციალური ბუდით უმაგრდება, ახალი მოდელი კი პირდაპირ ძვალსა და კუნთს უკავშირდება. ეს გუნდის მიერ შემუშავებული ქირურგიული მეთოდის დამსახურებაა, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროდ შეკუმშვადი და გაწელვადი წყვილი კუნთების ხელახლა "გადაბმას" გულისხმობს. მსგავსი რამ სტანდარტული ამპუტაციისას არ კეთდება.
"ყველა ნაწილი ერთობლივად მუშაობს, რათა სხეულიდან გარეთ ან პირიქით ინფორმაცია უკეთ მიიღოს და მოწყობილობასთან გაუმჯობესებულ მექანიკურ ურთიერთქმედებას შეუწყოს ხელი", — აცხადებს ტონი შუ, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
მეცნიერებმა მეთოდი ორ პაციენტზე გამოცადეს, რომელთაც ტრადიციული მუხლზედა ამპუტაცია ჰქონდათ ჩატარებული. პროცედურები მათი კუნთების დაკავშირებასა და ელექტროდების იმპლანტაციას მოიცავდა. კვლევის მონაწილეთა მონაცემები იმ ადამიანებისას შეადარეს, რომელთა ერთ ნაწილსაც მხოლოდ კუნთების ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი — არცერთი.
ყველა მათგანმა ახალი პროთეზი კიბეებზე ასვლისას, დაბრკოლებაზე გადაბიჯებისას, ასევე მუხლის მოხრისას და გაჭიმვისას მოსინჯა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომბინირებულმა პროცედურამ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, მეორე ჯგუფმა კი დავალებების შესრულებას მესამეზე უკეთ გაართვა თავი. ზემოხსენებულ ორ პაციენტში პროთეზის ფლობისა და კონტროლის უკეთესი ხარისხიც დაფიქსირდა, თითქოს ის მათი სხეულის ნაწილი იყო.
ახალი პროთეზი ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი არაა. მისი გამოყენება საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურმა უნდა დაუშვას, რასაც, სავარაუდოდ, 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება.