1747034530
სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა - კაია კალასი

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლონდონში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.
„ჩვენ ვიხილეთ, რა თქვა პუტინმა, თუმცა ღამით უკრაინაზე ისევ 100-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. ამგვარად, რამე სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ, რომ რუსეთს სურს ეს, რომ მან აჩვენოს კეთილი ნება, რათა დაჯდეს და ელაპარაკოს უკრაინელებს. ეს არ ხდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მას ნამდვილად უნდოდეს მშვიდობა და დაჯდეს უკრაინასთან სასაუბროდ“, – თქვა კალასმა.
ლონდონში მიმდინარე შეხვედრაში ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.