ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
საფრანგეთში მოსწავლეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.
მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, აქციებზე, სულ მცირე, 10 მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე დაშავდა, ასევე დაშავდა 48 პოლიციელი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ დაკავებულია 440 ადამიანი.
გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ავტობუსის გაჩერებები დააზიანეს. ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ განაცხადა, რომ მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება, გამოიყენებოდეს ძალადობის გასამართლებლად.
მოსწავლეების მიერ გამართული საპროტესტო აქციები საფრანგეთის მასშტაბით პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვებსაც დაემთხვა. გაფიცვაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, საავადმყოფოების თანამშრომლები და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მათ შორის დაბალ ხელფასსა და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.
ლორან ნუნიესის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებში, სულ მცირე, 200 000 ადამიანი მონაწილეობდა.