ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა - რა მოხდა ვარკეთილში
1792316394
საფრანგეთში ძალადობისა და ძარცვის ფაქტებთან დაკავშირებით დაახლოებით 2000 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნიუნიესმა განაცხადა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, არეულობის დროს 600-ზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე დაშავდა.
მისივე თქმით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
ლორან ნიუნიესი ხვალ მარსელში ჩავა, სადაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმები რამდენიმე ათასმა ულტრამემარცხენე აქტივისტმა განახორციელა. მათ მოგვიანებით კრიმინალური ჯგუფები შეუერთდნენ და არაერთი სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს და დაარბიეს.
პარიზის პროკურატურის მონაცემებით, შაბათს ქალაქში მომხდარი ძალადობისა და ძარცვის ფაქტებთან დაკავშირებით 557 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 381 სრულწლოვანი და 151 არასრულწლოვანია. კიდევ 25 დაკავებულის ასაკი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. პროკურატურის განცხადებით, მონაცემები ჯერ საბოლოო არ არის.
დაკავებები მთელი ღამის განმავლობაში, დაახლოებით დილის ექვს საათამდე გრძელდებოდა. დაკავებულთა უმეტესობას მოპარული ნივთების მიღებასა და შენახვას, ძალადობის ჩადენის მიზნით ჯგუფურად შეკრებასა და ქონების დაზიანებას ედავებიან. სხვა საქმეები იარაღის ტარებასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ფლობას უკავშირდება.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე საზოგადოებას მიმართავს.