საფრანგეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება

სებასტიან ლეკორნუ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება. გადაწყვეტილების მიზანი უფროსკლასელების მოსმენაა, რომელთა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმაც ბოლო დღეებში მთელი ქვეყანა მოიცვა.

ლეკორნიუს განცხადებით, აუცილებელია მოსწავლეებთან „შიდა დემოკრატიისთვის დროის“ გამოყოფა, რომლებიც სამშაბათს ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ და სასწავლო დაწესებულებების დამატებითი დაფინანსება მოითხოვეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეროვნული განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ გადაწყვიტა გამოყოს დრო, „რათა თითოეულ ადმინისტრაციულ გუნდს და ლიცეუმის დირექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, ლიცეუმის ფარგლებში უზრუნველყოს შიდა დემოკრატიის პროცესი“.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მკაცრად დაგმო „უკიდურესი ძალადობა“, რომელიც, მისი თქმით, „სკოლების კარზე აკაკუნებს“.

ფრანგი უფროსკლასელების პროტესტი უპირველეს ყოვლისა განათლების სისტემაში რესურსების ნაკლებობას უკავშირდება. მოსწავლეები ითხოვენ მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის რაოდენობის გაზრდას, კლასებში მოსწავლეთა სიმჭიდროვის შემცირებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასწავლო დატვირთვის შემსუბუქებას. მათი ცალკეული მოთხოვნაა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემის რეფორმირებაც.

✕