1791316484
როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები - რა შემთხვევაშია საჭირო დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია
ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "მარი მალაზონია პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები:
- ინსულტის დროს ხშირად დროს ვკარგავთ. ვამბობთ: "აბა, ტილო, ცხელი აბაზანა, შხაპი, მეზობელს ამან უშველა..." ამასობაში დრო გადის. სინამდვილეში კი ტვინი უჟანგბადობის მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადია, რის გამოც დრო ძალიან ცოტა გვაქვს. რას უნდა დავაკვირდეთ და რა უნდა გავაკეთოთ?
არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი, რომლებიც უნდა შევაფასოთ:
ღიმილი/კბილები: სთხოვეთ ადამიანს, გაიღიმოს ან კბილები გვიჩვენოს. დააკვირდით, ხომ არ არის სახის ასიმეტრია, ანუ ხომ არ ჩამორჩება სახის ერთი მხარე მეორეს.
ხელების აწევა: სთხოვეთ, თვალები დახუჭოს, ხელები ხელისგულებით ზემოთ ამოაბრუნოს და მაღლა აწიოს. თუ ერთი ხელი ჩამორჩება ან ქვემოთ ეშვება, ეს საგანგაშო ნიშანია.
მეტყველება: სთხოვეთ მარტივი წინადადების გამეორება, მაგალითად: "გარეთ კარგი ამინდია". თუ სიტყვებს ურევს, ვერ იმეორებს ან გამეორება უჭირს, ეს მესამე საგანგაშო სიმპტომს წარმოადგენს.
ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის გამოვლენისას, პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში.










