1791316484
„ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გონივრული მოლოდინი გააჩნია“ - პროკურორი გახარიას საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე, პროცესი გაიმართა. საქმე 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება.
დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს - დაკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები სოფელ ჩორჩანას მკვიდრები.
გიორგი გახარიას ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი გახარიას პროცესს აფასებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, სასამართლო სხდომაზე საიდუმლო დოკუმენტაცია გამოიკვლიეს, რომელზე საუბრის შესაძლებლობაც არ აქვს.
"რა დონის ნონსენსი შეიძლება არსებობდეს - თითქოს, სოფლის მაცხოვრებელმაც, რომელიც სოფლის ცენტრში ცხოვრობს, არ იცოდა საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.
რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, საიდუმლო დოკუმენტაციის გამოკვლევა მოხდა, რომლის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პროცესთან დაკავშირებით საუბრობს ბრალდების მხარეც. პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა კვლევა დაასრულა, რის საფუძველზეც პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი გააჩნია.
"როგორც სოფელ ჩორჩანას, ისე მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის აგვისტომდე სოფელში იყო მშვიდი ვითარება, სარგებლობდნენ გარკვეული ტყის მასივით, სხვადასხვა დანიშნულებით. სოფლის მოსახლეობამ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც აღიმართა საგუშაგო, გარკვეულ ტერიტორიაზე ისინი აღარ გადაადგილდებიან.
ბრალდების მხარემ გიორგი გახარიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაასრულა მტკიცებულებათა კვლევა, დაიკითხა მოწმეთა ბაზა, გამოკვლეულია წერილობითი ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის საიდუმლო მტკიცებულებები და ლოგიკურია აღნიშნული მტკიცებულებათა ანალიზით ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გონივრული მოლოდინი გააჩნია", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.










