წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1778612017
უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს აქვს მოწმის სტატუსი კორუფციულ საქმეში „მიდასი“, რომელშიც ფიგურირებს ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი. ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ განაცხადა.
„არასწორი ნათქვამია „ფიგურირებს“. ბატონი უმეროვის ქმედებები შემოწმდა, ის დაკითხეს და ამ დროისთვის ამ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსი აქვს“, – თქვა კლიმენკომ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, სემიონ კრივონოსიმ განაცხადა, რომ უმეროვი დეტექტივებმა დაკითხეს.
ცნობისთვის, 29 აპრილს „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოპოვებული „მიდასის“ საქმის ფიგურანტების საუბრები. კერძოდ, სანქცირებული ბიზნესმენის, ტიმურ მინდიჩისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის საუბარი, სადაც ისინი განიხილავდნენ იარაღის მწარმოებელი კომპანიის, FirePoint-ის წილის შესაძლო გასხვისებას.
უმეროვის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ჩანაწერების ავთენტურობა და რელევანტურობა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ. ასევე ითქვა, რომ უმეროვმა სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა ყველა საჭირო განმარტება და რომ „იარაღთან დაკავშირებული კომუნიკაცია თავდაცვის მინისტრის მოვალეობების ნაწილია“.
2025 წლის ნოემბერში დენის შტილერმანმა, რომელიც Fire Point-ის თანამფლობელი და მთავარი კონსტრუქტორია, დაადასტურა, რომ ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციის საქმეშია ეჭვმიტანილი, კომპანიის აქციების 50%-ზე პრეტენზიას აცხადებდა.