ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
რომის პაპი ლეო XIV ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას განაგრძობს. რომის „ჯემელის“ კლინიკის ექიმების ინფორმაციით, 71 წლის პონტიფიკოსის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება და ჩვეულებრივად კვება შეუძლია.
პაპს ოპერაცია სამშაბათს ჩაუტარდა. ექიმებმა მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოიღეს, სადაც მანამდე საეჭვო სიმსივნე აღმოაჩინეს. ქირურგიული ჩარევა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. ამ ეტაპზე ექიმებმა დამატებითი გამოკვლევების შედეგები უნდა შეაფასონ და დაადგინონ, გავრცელდა თუ არა დაავადება სხვა ორგანოებზე.
Euronews-ის ცნობით, დამატებითი ანალიზების პასუხების მიღებამდე ქიმიოთერაპიის საკითხს არ განიხილავენ. მოსალოდნელია, რომ პაპი კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ჯანმრთელობისთვის მორწმუნეები ლოცულობენ. მათი ნაწილი რომის საავადმყოფოსთანაც შეიკრიბა. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ლეო XIV ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ ვიზიტს არგენტინაში, პერუსა და ურუგვაიში. ეს მოგზაურობა მისი პონტიფიკატის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო.