„როიტერი“: ირანმა კატარის შუამავლებისგან მიიღო აშშ-ის პასუხი ნდობის აღდგენის შვიდდღიან გეგმასთან დაკავშირებით

ირანი

ირანმა კატარის შუამავლებისგან მიიღო აშშ-ის პასუხი ნდობის აღდგენის შვიდდღიან გეგმასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი “ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში დღეს განიხილავს.

„როიტერის“ თანახმად, კატარელმა შუამავლებმა აშშ-სგან მიღებული პასუხი ირანს 29 სექტემბერს გადასცეს.

ოფიციალური პირის განცხადებით, გავრცელებული დოკუმენტი ითვალისწინებს ნდობის აღდგენის შვიდდღიან პერიოდს, რომლის მიზანია მხარეების დაბრუნება ივნისში შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუმჯობესებულ ვერსიასთან; ეს უკანასკნელი მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ უთანხმოება ეხება არა გეგმის შემადგენელ კომპონენტებს, არამედ ნაბიჯების თანმიმდევრობას. ირანმა შვიდდღიანი გეგმა გასულ კვირას წარადგინა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ გეგმის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და ნაოსნობის ჩვეული რეჟიმის აღდგენა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს წინადადება უარყო, რამაც კატარის მხრიდან შუამავლობის გაგრძელება განაპირობა.

✕