როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს გარშემო

აღდგომა

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ დღისთვის  ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება.

 

აღდგომას სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები განსხვავებულად აღნიშნავენ. 

 

პოლონეთი
 

„სმინგუს-დინგუსი“, - ასე ჰქვია ჰქვია პოლონურ სააღდგომო რიტუალს,  რომლის დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს წყალს ასხამენ, რათა წარსული შეცდომებისგან გათავისუფლდნენ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ტრადიცია სათავეს მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებიც ამ დღეს წყლით დასველდებიან, წლის ბოლომდე პარტნიორს აუცილებლად იპოვიან და იქორწინებენ. 

 


 

საბერძნეთი

 

საბერძნეთის კუნძულ კორფუზე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდ შაბათ დღეს მოსახლეობა აივნებიდან  ტაფებსა და ქვაბებს ისვრის. ბერძნებს სჯერათ, რომ ძველი და უსარგებლო ნივთების თავიდან მოშორება, სამომავლოდ პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. 

 

 

საფრანგეთი

 

საფრანგეთის ქალაქ ჰაუხში  სააღდგომოდ  მთავარ მოედანზე 4500 კვერცხისგან გიგანტურ ომლეტს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. ლეგენდის თანახმად, სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას ნაპოლეონი და მისი არმია დასასვენებლად სწორედ ამ ადგილას გაჩერდნენ. იმპერატორმა მოქალაქეებს სთხოვა კვერცხები მოეტანათ და ომლეტი მოემზადებინათ. ტრადიცია სათავეს სწორედ აქედან იღებს. 

 

 

 

ისრაელი


წითელ პარასკევს ისრაელში მორწმუნეები იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს ხის ჯვარი მოაქვს. კვირა დღეს ისინი აღდგომის ტაძარში საეკლესიო მსახურებას ესწრებიან, სადაც გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ იესო დაკრძალეს.


 

 

 

გვატემალა


გვატემალაში არც მეტი არ ნაკლები, დღესასწაულის წინა დღეს ქუჩაში ფერად ხალიჩებს აგებენ. მათ შესაქმნელად მოსახლეობა ყვავილებს, ხილსა და ბოსტნეულს იყენებს.  ამბობენ, რომ ამით ისინი ღვთისადმი სიყვარულს, რწმენასა და აღდგომის სიხარულს გამოხატავენ.

 


 

ფლორენცია

 

ფლორენციის მცხოვრებლები ყოველ წელს  „სკორპიო დელ კაროს", იგივე „ეტლის აფეთქებას“ აღნიშნავენ. დეკორატიული ეტლს, რომელიც ფოიერვერკებითაა სავსე,  მეთხუთმეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ყველა ქუჩაში დაატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ კი, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი მას ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.

 

 

 

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაში, რომელიც „ფერად კვერცხებზე“ ნადირობის სახელითაა ცნობილი. ამ დროს მამაკაცები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს მინდორში მალავენ, ხოლო ქალები და ბავშვები მათი ძებნით არიან დაკავებულები.  ამერიკელები აღდგომას შოკოლადის ბაჭიებითა და ფერადი კვერცხებით ხვდებიან.