Reuters: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მაღალჩინოსნები უკანონო ბიზნესქსელის მფარველობაში დაადანაშაულა - საქმე ეხება თაღლითურ ქოლ-ცენტრებს, ნარკოვაჭრობასა და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობებს, მაღალი რანგის ძალოვნები ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდნენ თავდასხმებისა და ადამიანების გატაცების დაგეგმვაშიც კი

ოლექსანდრ პოკლად

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მაღალჩინოსნები უკანონო ბიზნესქსელის მფარველობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოძიების მონაცემებით, საქმე ეხება თაღლითურ ქოლ-ცენტრებს, ნარკოვაჭრობასა და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობებს, რამაც შესაძლოა უკრაინის ძირითად სამართალდამცავ უწყებებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

NABU-ს ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU), ეროვნული პოლიციისა და გენერალური პროკურატურის მაღალი რანგის თანამშრომლები ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდნენ თავდასხმებისა და ადამიანების გატაცების დაგეგმვაშიც კი.

უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლექსანდრ პოკლადმა განაცხადა, რომ უწყებამ უკვე გაათავისუფლა ორი მაღალჩინოსანი და ანტიკორუფციულ ორგანოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„უსაფრთხოების სამსახური ელის გამჭვირვალე, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას. SBU მხოლოდ უკრაინის ინტერესებისთვის მუშაობს და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნულია პოკლადის განცხადებაში.

თავის მხრივ, ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფ თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ, თუმცა საზოგადოებას „ნაადრევი დასკვნებისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდა. გენერალურ პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა NABU-ს მიერ გამოვლენილი უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მანამდე არ ფლობდნენ.

NABU-ს მონაცემებით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავდა ათეულობით თაღლითურ ქოლ-ცენტრს 2 700 თანამშრომლით, რომლებიც უკრაინისა და უცხოეთის მოქალაქეებს ატყუებდნენ. გარდა ამისა, სინდიკატი ჩართული იყო კანაფის შემცველი ნივთიერებების უკანონო რეალიზაციაში, ასევე ყალბი სიგარეტებისა და ფალსიფიცირებული ვალუტის წარმოებაში.

გამოძიება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, რასაც ყოფილი გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს გადადგომა მოჰყვა მას შემდეგ, რაც მის დაქვემდებარებულს ქოლ-ცენტრების მართვაში დახმარება დასდეს ბრალად. თავად კრავჩენკოსთვის ოფიციალური ბრალი არ წაუყენებიათ.

ოთხშაბათს გასაჯაროებულმა ახალმა ბრალდებებმა აჩვენა დანაშაულებრივი ორგანიზაციის გაცილებით ფართო მასშტაბი, რომელშიც სულ მცირე 12 პირი ფიგურირებს.

✕