ძლიერი ქარბუქი და თოვლი! - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1772119689
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 24 მარტს გაიმართება.
„ამ ნაბიჯით იგი ცდილობს გამოიყენოს მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ მისმა მტკიცე პოზიციამ გამოიწვია“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.
ბოლო თვეების განმავლობაში, ფრედერიკსენი ევროპელ ლიდერებს აერთიანებდა დონალდ ტრამპის განახლებული ინტერესის წინააღმდეგ არქტიკული კუნძულის ანექსიასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ ამ მცდელობამ გაზარდა მისი პოპულარობა, რაც მანამდე შემცირებული იყო ცხოვრების ხარჯების ზრდითა და სოციალური მომსახურების სფეროში არსებული პრობლემებით გამოწვეული უკმაყოფილების გამო.
„ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, რადგან სწორედ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწევს ჩვენ, როგორც დანიელებსა და ევროპელებს, რეალურად საკუთარ ფეხზე დადგომა. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და უნდა გადავიარაღდეთ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ფრედერიკსენმა.
„ჩვენ ევროპაში ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ დანიის თანამეგობრობის მომავალი“, - განაცხადა მან დანიის სამეფოზე მითითებით, რომელიც დანიისგან, გრენლანდიისა და ფარერის კუნძულებისგან შედგება.