რატომ ვეხმარებით ზოგ ადამიანს და სხვებს არა - მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს

დახმარებ

თელ-ავივის უნივერსიტეტში მომუშავე ინბალ ბარტალმა და მისმა კოლეგებმა კვლევა ჩაატარეს. ვირთხებზე დაკვირვებით ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, რატომ არის ზოგი ინდივიდი სხვების გასაჭირის მიმართ უფრო მგრძნობიარე და როგორ გვიბიძგებს ეს მგრძნობელობა მათ დასახმარებლად.

მეცნიერები ადრე შემუშავებული სავარჯიშოს გამოყენებით ვირთხების ქცევასა და ტვინის აქტივობას დააკვირდნენ. მღრღნელებს კვლევის ფარგლებში შეეძლოთ, პატარა გალიაში გამოკეტილი თანამოძმე გაეთავისუფლებინათ.

კვლევამ აჩვენა, რომ ვირთხები უფრო ხშირად მათ ეხმარებოდნენ, ვისთანაც მანამდე დადებითი სოციალური გამოცდილება ჰქონდათ. ასევე, მეტად მგრძნობიარე მღრღნელების ტვინში აქტიური იყო ის უბნები, რომლებიც ემპათიასა და მოტივაციასთანაა დაკავშირებულ. ეს აქტივობა სხვების დახმარებისკენ ნაკლებად მიდრეკილ ვირთხებში შედარებით დაბალი იყო.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ "დამხმარე" ვირთხებს ტვინის იმ უბანში, რომელიც მოტივაციაზეა პასუხისმგებელი, ჰორმონ ოქსიტოცინის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ. ავტორების თქმით, სხვებზე ზრუნვა დახმარების გაწევისთვის მთავარი მოტივაციაა.

როდესაც მკვლევრებმა ოქსიტოცინის მოქმედება შეაფერხეს, ვირთხები სხვების მიმართ ნაკლებად მეგობრულად იქცეოდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჰორმონი, შესაძლოა, დახმარების სურვილს იმითაც აძლიერებს, რომ ვირთხებს შორის კავშირს ქმნის.

„ჩვენ პოლარიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც თანაგრძნობის დეფიციტია. ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს მივხვდეთ, რატომ ვეხმარებით ზოგიერთებს და სხვებს არა. იმის გათვალისწინებით, რომ ვირთხებისა და ადამიანების ტვინს მსგავსად ფუნქციონირება ახასიათებს, შეგვიძლია უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ტვინი დახმარების გაწევის გადაწყვეტილების მიღებისას", — ამბობს ინბალ ბარტალი.