1746043327
ცნობილია იმ კაცის განაჩენი, რომელმაც ცოლი და ორი მეგობარი მოკლა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება 2024 წლის 28 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას - გურჯაანის მუნიციპალიტეტში 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.