ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარზე
1746124446
2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
„გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში, წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს 2023 წლის რეიკიავიკის ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
დოკუმენტი ასევე მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს ბოლო, 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების, მათ შორის ქონებრივი, დარღვევებზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი, შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მიღება 2014 წლიდან ხდება. აღნიშნულით ევროპის საბჭო მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხის პრიორიტეტულობას ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ, პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის მკაფიო პოზიციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.