პრეზიდენტი ტრამპი პუტინისგან ცეცხლის ორი-სამი თვით შეწყვეტის პირობას თუ მომცემს, არჩევნებს ჩავატარებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

ამერიკული ზეწოლა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის დასრულების გასაღებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პოლიტიკოს“ ჟურნალისტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განუცხადა.

მისი თქმით, ამის გარეშე რუსეთის პრეზიდენტი, ნაკლებად სავარაუდოა, მშვიდობისთვის აუცილებელ კომპრომისებზე წავიდეს.

„ის უარს იტყვის. დღეს ერთი მიზეზით, ხვალ მეორე მიზეზით და ა.შ. ჩვენ მასზე ზეწოლა გვჭირდება. პუტინი ამ ომს შეაჩერებს, თუ მასზე რეალური ზეწოლა იქნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს მხოლოდ უკრაინა იცავს ევროპას. დღეს მხოლოდ ევროპა აძლევს ფულს და ეხმარება უკრაინას. დღეს მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია პუტინის შეჩერება. რასაც მე ვხედავ, ისინი მეტ სიგნალს იძლევიან, რომ უკრაინა უნდა წავიდეს კომპრომისზე და არა – რუსეთი. ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიცია არ არის“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ მიიღებს პირობას, რომ პუტინი ომს თუნდაც რამდენიმე თვით შეაჩერებს, რისთვისაც ის დახმარებას აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს.

„პრეზიდენტი ტრამპი პუტინისგან ცეცხლის ორი, სამი თვით შეწყვეტის პირობას თუ მომცემს, არჩევნებს ჩავატარებთ“, – განუცხადა ზელენსკიმ „პოლიტიკოს“.