ცნობილია, რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება ახალი რეგულაცია

ავტომობილები

ავტომობილების იმპორტზე, პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ  ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო ძველია ავტომობილი, ძრავიც ძველდება და შესაბამისად, მისგან გაფრქვევაც იმატებს.

„ევრო-5 სტანდარტიც ათწლიან მანქანაზე მოქმედებს; ათი წლის შემდეგ ძრავი ისე ძველდება, რომ რაც არ უნდა კარგად მოვლილი იყოს, ამ მანქანიდან გაფრქვევები მაინც იმატებს. აქედან გამომდინარე იქნა დაწესებული შეზღუდვა წლოვანებასთან მიმართებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტროავტომობილებზე. ქვეყანაში გვაქვს ავტომობილების იმპორტის ყოველწლიური 25%-იანი ზრდა, სადაც ჰიბრიდული ავტომობილების წილი არ იზრდება. მზარდია დიზელის და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წილი. ეს მზარდი ტენდენცია უნდა შემცირდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე უნდა აისახოს. ეტაპობრივად ავტოპარკი განახლდება; ეს განახლება, თავის მხრივ, შეამცირებს გაფრქვევებს, რითაც, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ გაუმჯობესებას. ჩვენი საბოლოო მიზანია, ერთი მხრივ, ქალაქებში, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში გადაადგილება შევძლოთ. განუსაზღვრელად თუ დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება. მეორე მხრივ, ჩვენი საბოლოო მიზანია, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.