POLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა

პეტერ მადიარი

უნგრეთმა შეაფერხა პროცედურული ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევმა და კიშინაუმ ბლოკში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს, როდესაც 15 ივნისს ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური თავის გახსნას.

ეს პროცესი წლების განმავლობაში შეფერხებული იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.

ამჟამად ორივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სწრაფად წინ წაწევას იმედოვნებს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ ამ თვის დასაწყისში POLITICO-ს განუცხადა, რომ კიევი მიზნად ისახავს მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნას ივლისის შუა რიცხვებისთვის.

თუმცა, ეს ვადები ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც სამშაბათს უნგრეთმა უარი განაცხადა ევროპული საბჭოსა და კომისიისთვის იმ წერილის გაგზავნაზე, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მათ ერთობლივ პოზიციას ასახავს.

დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც აღნიშნულ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა. ვინაიდან გადაწყვეტილება 27-ვე წევრის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს, საკითხს მომავალ კვირას კვლავ განიხილავენ.

ბრიუსელში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის სპიკერმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გასცა.

ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მადიარს უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, მისმა მთავრობამ ბრიუსელში გასულ კვირას გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრაზის - „რაც შეიძლება მალე“ - ამოღება მოითხოვა.