1782244801
მარკო რუბიო: ირანთან მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა
გვსურს, მოვისმინოთ მოკავშირეების მოსაზრებები და დავრწმუნდეთ, რომ მათი შეხედულებები გათვალისწინებული იქნება ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მივიღებთ, რადგან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას განაცხადა.
აბუ დაბის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მოკავშირეების მოსმენაა.
„ჩვენ აქ უფრო მათ მოსასმენად ვართ, ვიდრე სასაუბროდ“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, სურს, გაეცნოს ქვეყნების ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ შეშფოთებებს.
„გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, განსაკუთრებით ამ კვირის ბოლოს შვეიცარიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ და დავრწმუნდეთ, რომ მათი შეხედულებები გათვალისწინებული იქნება ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მივიღებთ, რადგან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს თქმით, აშშ-ის მოკავშირეები „მშვიდობის მომხრეები არიან“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება შეთანხმების დეტალებზე.
„ყველა ჩვენი მოკავშირე მშვიდობის მომხრეა. თუმცა, ცხადია, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ამ მშვიდობის დეტალები”, – აღნიშნა რუბიომ.
მისი განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
„ეს მიმდინარე პროცესია. ვფიქრობ, ბოლო 72 საათის განმავლობაში კარგი საფუძველი შეიქმნა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სპარსეთის ყურის ქვეყნებს არ სთხოვს ფინანსურ დახმარებას ირანის შესაძლო 300 მილიარდი დოლარის ოდენობის რეკონსტრუქციის ფონდისთვის.
„ეს საკითხი ჯერ ძალიან შორსაა“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, რეგიონში საომარი მოქმედებების სრული დასრულება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ერაყიდან რაკეტებსა და დრონებს ისვრიან და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობენ.
რუბიოს განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების საკითხი აუცილებლად იქნება განხილული აშშ-სა და მისი მოკავშირეების მოლაპარაკებებში.
ამასთან, რუბიომ ლიბანთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებს ლიბანში მიმდინარე პროცესებისგან ცალკე განიხილავს.
„ეს ცალკე საკითხია, რადგან ლიბანი სუვერენული ქვეყანაა“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ლიბანის მომავალზე გადაწყვეტილება თავად ლიბანელმა ხალხმა უნდა მიიღოს, მათი არჩეული მთავრობის მეშვეობით.
„რაც შეეხება ლიბანის მომავალს, ის ლიბანელ ხალხს ეკუთვნის – მათ არჩეულ მთავრობასთან ერთად. სწორედ ამ მთავრობასთან ვიმუშავებთ“, – განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ ქუვეითსა და ბაჰრეინს ესტუმრება.












