1728622915
პირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმე
ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
მედიაში გავრცელდა ბიშიმბაევის პირველი მეუღლის, ნაზიმ კაჰარმანის პირადი ბლოგში დაწერილი ინფორმაცია.
როგორც ნაზიმ კაჰარმანმა დაწერა, მათი ოჯახური ცხოვრება იდეალური არ იყო.
ყოფილი ჩინოვნიკის ყოფილი მეუღლის თქმით, ბიშიმბაევი ხშირად ახდენდა მასზე მორალურ ზეწოლას და ყველაფერში ადანაშაულებდა. 14 წლიანი თანაცხოვრების მერე, ქალმა შეძლო ქმარს გაშორებოდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
როგორც ქალი ჰყვება, წლების განმავლობაში ქმარი უმტკიცებდა, რომ პრობლემა მასში იყო, რომ თუ ის სხვა ქალებთან ღალატობდა, ამაში დამნაშავე სწორედ ქალი იყო. რომ "მას რაღაც სჭირდა, თვითონ კი მაგარი იყო."
ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.
სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.
სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.
მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.
გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.
8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.
1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.
11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა განუცხადა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.