„გენეტიკური ტესტი გავიკეთე და 100 პროცენტით ქართველი აღმოვჩნდი“ - ცნობილი თურქი მსახიობის მოულოდნელი აღმოჩენა

ბურჯუ

თურქმა მსახიობმა ბურჯუ ბინიჯიმ გენეტიკური ტესტი ჩაიტარა და მიღებული შედეგებით გაოცებული დარჩა. მისი განცხადებით, ტესტმა აჩვენა, რომ მისი წარმომავლობა 100 პროცენტით ქართული და ლაზურია, ხოლო ფესვები კავკასიიდან მოდის.

„დნმ ტესტი გავიკეთე. 100 პროცენტით ქართველი და ლაზი აღმოვჩნდი. ყველა ფრთხილად იყოს! ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. რიზედან ვარ, მაგრამ როდესაც ტესტის პასუხები მივიღე და გავიგე, საიდან მოდიოდა ჩემი წარმომავლობა, ძალიან გამიკვირდა“, - განაცხადა მსახიობმა.

მისი ეს განცხადება თურქულ მედიაში გავრცელდა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

ვინ არის ბურჯუ ბინიჯი?

ბურჯუ ბინიჯი 1986 წლის 6 ივლისს თურქეთის ქალაქ ერზრუმში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბადების ადგილი ერზრუმია, ოჯახი წარმოშობით რიზეს პროვინციის ჰემშინის რაიონიდანაა.

მსახიობის ბავშვობა ქალაქ აიდინში, მამის სამსახურის გამო, გაატარა. ცეკვით ხუთი წლიდან დაინტერესდა. მოგვიანებით ვოკალის გაკვეთილებსაც დაესწრო და მუსიკალური ინსტრუმენტების — ასმა დავულისა და ნაგარას დაკვრაც ისწავლა.

სანამ მსახიობობას დაიწყებდა, სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა: მუშაობდა საბანკო სფეროში, ფარმაცევტული პროდუქციის წარმომადგენლად და პროფესიონალ მოცეკვავედ.

მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ცნობილი თურქული საცეკვაო დასი „ანადოლუს ცეცხლი“ (Anadolu Ateşi) გახდა. ბინიჯი დასის ერთ-ერთმა პედაგოგმა შეამჩნია და გუნდში მიიწვია. მსახიობი ამ კოლექტივში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გამოდიოდა.

ბურჯუ ბინიჯის სამსახიობო კარიერის დასაწყისი ცნობილ თურქ სცენარისტსა და პროდიუსერს, მერალ ოკაის უკავშირდება. 2009 წელს მან სერიალში „Bir Bulut Olsam“ გიულენგულის როლი შეასრულა.

მოგვიანებით მსახიობი არაერთ სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა. მათ შორისაა „Dürüye'nin Güğümleri“, „Sensiz Yaşayamam“, „Uçurum“, „Aşk Zamanı“, „Hayat Mucizelere Gebe“, „Türk Malı“ და „Söz“.

ბინიჯის მონაწილეობა აქვს მიღებული კინოპროექტებშიც, მათ შორის ფილმებში „Alemde Bir Gece“, „Babaların Babası“ და „Yalan Dolan“.

2022 წელს მსახიობი სერიალში „Ben Bu Cihana Sığmazam“ გამოჩნდა, სადაც მელთემის პერსონაჟი განასახიერა. ამ პროექტის ნაწილი რიზეშიც გადაიღეს - იმ რეგიონში, რომელსაც მისი ოჯახური ფესვები უკავშირდება.

ქართული და ლაზური ფესვები

ბურჯუ ბინიჯის განცხადებამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თურქეთის შავი ზღვისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მრავალფეროვან წარმომავლობაზე.

მსახიობმა თავად აღნიშნა, რომ მისი ფესვები კავკასიიდან მოდის და გენეტიკური ტესტის პასუხების მიხედვით, ქართველი და ლაზი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ლაზები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიული მოსახლეობაა, რომელთა ენა ქართველურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება.

ბინიჯის შემთხვევაში საინტერესოა ისიც, რომ მისი ოჯახი რიზეს პროვინციის ჰემშინის რაიონს უკავშირდება, თავად კი გენეტიკური ტესტის შედეგების შესახებ საჯაროდ საუბრისას ქართულ და ლაზურ წარმომავლობას უსვამს ხაზს.

მსახიობს ტესტის სრული ანგარიში საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, ამიტომ მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მისივე განცხადებას ეფუძნება. მიუხედავად ამისა, ბურჯუ ბინიჯის სიტყვებმა თურქეთში მცხოვრები ქართული და ლაზური ფესვების მქონე ადამიანების მიმართ კიდევ ერთხელ გააჩინა ინტერესი.

✕