1775936410
პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ დეკემბერში, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, ორბანმა მისცა ხმა იმას, რომ უნგრეთს ამ კრედიტში მონაწილეობა არ მიეღო. ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ამას. უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი 90-მილიარდიან კრედიტში არ მონაწილეობენ, შესაბამისად, ის ჩვენს ქვეყანას არ ეხება. სწორედ ასე დაამტკიცეს იგი“, - განაცხადა მან.
„მაგრამ პირადად მე ვეთანხმები, რომ უნგრეთმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ მექანიზმში. უნგრეთი ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და ჩვენი ამოცანაა, დავიბრუნოთ ევროკავშირის ის სახსრები, რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი სესხის აღება. თუმცა, გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო, ამიტომ არ ვიცი, რატომ უნდა დადგეს ეს საკითხი ხელახლა დღის წესრიგში“, - აღნიშნა მადიარმა.











