პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

პიტერ მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის კონტექსტში, მადიარმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს ენერგეტიკული ბალანსისა და ენერგიის შესყიდვების დივერსიფიცირებისთვის“.

„პირველ რიგში, ეს ჩვენ უსაფრთხოებას გვანიჭებს, ენერგეტიკული უსაფრთხოება კი უნგრეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მეორეც, სწორედ ასეა შესაძლებელი ნავთობისა და გაზის ყველაზე დაბალ ფასად შეძენა. თუ თქვენ ფორთოხალს სამი ადგილიდან ყიდულობთ - აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან - მაშინ გეოპოლიტიკური კონფლიქტის ან ომის დროსაც კი შეძლებთ მათ შეძენას, თანაც უფრო იაფად. იგივე ეხება ნავთობსა და გაზსაც“, - განაცხადა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ უნგრეთს „გეოგრაფიის შეცვლა არ შეუძლია“.

„რუსეთიც აქ იქნება და უნგრეთიც. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით მოწოდების დივერსიფიცირებას. ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობაზე სრულად უარის თქმა გვსურს. ჩვენ გვინდა ნავთობი ვიყიდოთ იაფად და საიმედოდ“, - განაცხადა მან.

მადიარმა შეახსენა ყველას, რომ ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს.

„ზოგჯერ სანქციებს ასუსტებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა ჩამოიშალოს, ქვეყნები კი - ნავთობის ნაკლებობის გამო გაკოტრდნენ. მაგრამ როგორც კი ომი დასრულდება - ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და ეს მალე მოხდება - ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს“, - აცხადებს მადიარი.

მისი აზრით, ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის „ინტერესებში არ შედის“, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა.

„ეს ძირს უთხრის ჩვენს კონკურენტუნარიანობას. ხანდახან ადვილია ხმამაღალი სიტყვების თქმა - მე მესმის მორალური ასპექტები და პრინციპული საკითხები და, როგორც ყველა, მხარს ვუჭერ ადამიანის უფლებების დაცვას. მაგრამ საკუთარ ფეხში სროლა არ ღირს. ჩვენ შევეცდებით, ნავთობი და გაზი რაც შეიძლება მეტი წყაროდან შევიძინოთ“, - დასძინა მადიარმა.